ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ „ბილიონში“, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.
„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.