მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ბანგლადეშის, ნიგერიის და ირანის, ჯამში, ხუთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგინდა, რომ დაკავებული პირები, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img