სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.
„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასა და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს. წინა სხვა შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ამ კონკრეტულ პიროვნებას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები – უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება. მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს. როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებული იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძის განცახდებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გუშინ “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელმა დაწერა, რომ აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
2024 წლის 3 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომაში იმყოფებოდა.