საბავშვო ევროვიზია 2025 თბილისში ჩატარდება

Published:

ხანგრძლივი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაადასტურა, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს საქართველო უმასპინძლებს. 2025 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისში გაიმართება 13 დეკემბერს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი ჩვენს ქვეყანაში პირველად 2017 წელს ჩატარდა.

“ერთი სული გვაქვს, როდის დავბრუნდებით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საბავშვო ევროვიზიისადმი განსაკუთრებული შემართებით გამოირჩევა”, — აცხადებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხელმძღვანელი, მარტინ გრინი, — “საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე შოუს შექმნა შეუძლია და ეს გვაძლევს რწმენას, რომ წელს იქნება გამორჩეული კონკურსი, რომელიც მონაწილეებსა და მაყურებელს დაუვიწყარი მოგონებებით აავსებს”.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გასულ წელს სწორედ საქართველო გახდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის შესახებ სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობი რჩება — მათ შორის, ის, თუ კონკრეტულად სად გაიმართება ღონისძიება. 2017 წელს კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა.

ამ დროისათვის, წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობის სურვილი 10-მა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შორისაა კონკურსის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც ევროვიზია ჯუნიორს ხანგრძლივი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img