აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე საელჩოებიდან ნაწილობრივი ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო

Published:

მედიის ცნობით, რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არაძირითადი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters და CNN ამერიკულ ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

Reuters აღნიშნავს, რომ ოთხმა ამერიკელმა და ორმა ერაყელმა წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რა უსაფრთხოების რისკებმა გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, შესაძლო ევაკუაციის შესახებ ინფორმაციამ კი ნავთობის ფასების 4%-ზე მეტით ზრდა გამოიწვია.

ამავდროულად, Reuters-ი ციტირებს თეთრი სახლის პრესმდივნის, ანა კელის სიტყვებს, რომელმაც ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას დეტალების დაუკონკრეტებლად უპასუხა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად ამოწმებს აშშ-ის პერსონალის საზღვარგარეთ ყოფნას და ეს გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ შემოწმებას მოჰყვა,“ – განაცხადა ანა კელიმ.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია გადაწყვეტილების შესახებ.

ქუვეითში აშშ-ის საელჩომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „მას არ შეუცვლია საკადრო პოლიტიკა და სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას“.

Reuters აღნიშნავს, რომ ნაწილობრივი ევაკუაცია რეგიონში დაძაბულობის გამწვავების პერიოდში ხდება, რომელიც ღაზაში 18-თვიანი ომის შემდეგ ისედაც კონფლიქტშია გახვეული, რაც აძლიერებს შიშს ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ხოლო მეორე მხრივ, ირანსა და მის მოკავშირეებს შორის კონფლიქტის გაფართოების შესახებ.

ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს დარტყმით, თუ ნელი ტემპით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები ჩაიშლება. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად დარწმუნებულია, რომ თეირანი დათანხმდება ურანის გამდიდრების შეჩერებას, რაც აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა.

ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს თავს დაესხმებიან, ის რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხებს.

შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზები აქვს ერაყში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img