აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმიანება.
ტრამპი სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს.
„დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. ახლავე!“ – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებებია. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა.
შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.
შეტაკებები ასევე მოხდა ეროვნული გვარდიის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის წევრებმა გამოიყენეს ხელკეტებიც. დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ორი პოლიციელი დაშავდა მოტოციკლისტების შეჯახების შედეგად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
კალიფორნიის გუბერნატორმა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა დაგმო.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმოს გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიის ჯარების ლოს-ანჯელესში „უკანონოდ განლაგების“ შესახებ.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ვიდრე ტრამპი არ ჩაერია. ეს შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა – დაძაბულობის გამწვავება და რესურსების გადამისამართება იქიდან, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა… ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება – ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, – განაცხადა ნიუსომმა.