ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი “ფეისბუქზე” წერს, რომ გზის გადაკეტვისთვის 5.000 ლარით დააჯარიმეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არათანაბარზომერად მიიჩნევს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოდან მაცნობეს, რომ გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დამაჯარიმეს. მრავალი მიზეზის გამო, ერთდროულად გაბრაზებულიც ვარ და განაწყენებულიც.
ჯერ რა უსამართლო და არათანაზომადია ჯარიმის მოცულობა, რომელიც საშუალო ხელფასს 2,5-ჯერ აღემატება. მერე როგორი აბსურდულია თავად ჯარიმა, რომელიც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას და რაც მთავარია, საკუთარ მოქალაქეებს უსამართლობისა და უსამართლო კანონების მსხვერპლად და გამაუბედურებლად აქცევს. ეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პარლამენტარებმა თავად მკვეთრად და ასევე უსამართლოდ გაიზარდეს ხელფასები.
მოსამართლე იყო ნინო ენუქიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსამართლობის ერთ-ერთი სახეა და სიამოვნებით ვიხილავდი დასანქცირებულთა სიაშიც და ქართული სახელმწიფოს შემარცხვენელთა ჩამონათვალშიც.
მე, რომელიც შუაღამითაც კი არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და სულ რომ არავინ არის, მაინც ვიცავ შუქნიშნის წესებს, მე, რომელიც მედიის წარმომადგენელი ვარ და მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, თითქმის მიტინგი და აქცია არ გამომიტოვებია, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით გამიშუქებია, მე, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და დღენიადაგ ამისკენ მოვუწოდებ ყველას, შსს-ს, მის სასამართლოზე წარმადგენლის მზია ცერაძისა და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით დამსაჯეს.
თან, კანონიც ისეა შედგენილი, რომ დასჯიდან შვიდ დღეში უნდა გადაიხადო 5 ათასი ლარი, რომც გაასაჩივრო.
მითხარით, სულ რომ დამნაშავე ვიყო, სწორია ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე?
თუმცა, ამ უსამართლო სასჯელით ჩემზე უარეს დღეში ისინი ჩააგდეს, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის ის 2 გოგონა, მარიამ ლაშხს რომ რუსეთის მონა უწოდეს, მზია ამაღლობელი, ახალგაზრდები, სასამართლოს ტრაგიკომედიური სპეკტაკლების მონაწილეები რომ გახადეს, ნაცვლად იმისა, რომ დიდ სცენაზე ეთამაშათ.
ერთხელაც იქნება და თავად ამ უსამართლო კანონების შემქმნელები და აღმსრულებლები იგემებენ საკუთარი კომფორტისთვის შექმნილი რეპრესიების სიმწარეს. ცხოვრება ბუმერანგია” – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.