დენის შმიჰალი „ობობის ქსელზე“ – ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, შეიძლება, ისევ განმეორდეს

Published:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობის ქსელი“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე. ეს შესაძლოა განმეორდეს.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა  France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინისთვის ეს იყო ძალიან მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, განსაკუთრებით იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომლებსაც პროგრესი არ მოაქვს.

„ჩვენ უკვე ორი თვეა ვთავაზობთ სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას ყოველ ღამე, ყოველდღე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო და დრონების თავდასხმებით. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა“, – აღნიშნა შმიჰალმა.

მისივე თქმით, „ობობის ქსელი“ ადასტურებს, რომ ინოვაცია და ახალი ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ ომში.

შმიჰალი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია ბრძოლის ველს ცვლის. გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინას ამ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ბევრი სხვა იდეა აქვს. მან აღნიშნა:

„ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, შესაძლია, ისევ განმეორდეს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.

შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან,“ – აღნიშნა შმიჰალმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინას მოკავშირეებისგან შორი მოქმედების რაკეტები სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვართან რუსული ლოჯისტიკის გასანადგურებლად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img