ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმა უკრაინის წევრობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.
„რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირემ მკაფიო ვალდებულება გამოთქვა – ეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზაა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს“, – თქვა რუტემ.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის შეშფოთებას ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად მიიჩნევს და მზადაა, განიხილოს იგი.
„ისინი არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც საუბრობენ. ჩვენ ეს გვესმის და ვეუბნებით მათ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეჩერება თქვენს საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესია“, – თქვა კელოგმა.