აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა განიხილოს რუსეთის მოთხოვნები ნატო-ს არგაფართოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუს დროს კელოგმა დაადასტურა, რომ ტრამპი მზადაა ვლადიმირ პუტინს დაპირდეს, რომ არ გააფართოვებს ნატო-ს აღმოსავლეთის მიმართულებით, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.
„ვფიქრობ, ეს [რუსეთისთვის] სრულიად საფუძვლიანი შეშფოთებაა. ეს არის კითხვა, რომელსაც რუსეთი ყოველთვის წამოჭრის. ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი ახსენებენ ასევე საქართველოს და მოლდოვას. და ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს თქვენს საზღვართან გაფართოების შეჩერება. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია,“ – განაცხადა კელოგმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ამ პოზიციას ალიანსის სულ მცირე ოთხი წევრი ქვეყანა იზიარებს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ შედის. და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. შემიძლია დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებაზე თანახმა კი ყველა – 32-ე ქვეყანა უნდა იყოს“, – აღნიშნა კელოგმა.