„საქსტატი“ – 2024 წელს, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა

Published:

გასულ წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8 % შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.

„2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 9.3% (-2.1 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 6.7% (-1.3 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9.0 და 9.8% შეადგინა.

2024 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7% შეადგინა.

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img