აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები აფხაზეთის თემატიკაზე.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო, სპექტაკლი „მე მაოცებენ ლამპიონები“ თეატრალური დასის „სოხუმის“ შესრულებით, ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზური კულტურის ამსახველი ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული ნივთები.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები და სტუმრები.
„ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მკვიდრისთვის ეს წარმოდგენა იყო განსაკუთრებულად საამაყო, ემოციური და ამავე დროს მტკივნეული, რადგანაც ახალგაზრდებში, მათ ემოციებში, სიტყვაში იგრძნობოდა ჩვენი საერთო ტკივილიც, სევდაც, სიყვარულიც და გულწრფელობაც.
მადლობას ვუხდი ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საოცარი წარმოდგენისთვის და ვეტყვი, რომ თქვენში ყოველთვის იგრძნობა გულწრფელი, კაცური, ვაჟკაცური, ქალური, ქართული სიძლიერე. ალბათ სოფელსაც უბრალოდ არ ჰქვია ფერია, თქვენ ხართ საქართველოს ფერიები, საოცარი, სამაგალითო ადამიანები და იმ სულისკვეთებით, რომლითაც თქვენი სკოლა, პედაგოგები გზრდიან საქართველო მუდამ იამაყებს და იქნება ძლიერი ქვეყანა”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.