ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა, ექცევიან ისე, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს

Published:

კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბრალდებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ მოინახულა.

როგორც ყურუა აცხადებს, ჯაფარიძე თავს მხნედ გრძნობს.

„თავს კარგად გრძნობს, რამდენადაც შეიძლება უსამართლოდ ციხეში ჩასმული ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს, არის მხნედ. მას აბსოლუტურად კარგად ჰქონდა გააზრებული, რა ბრძოლაში შედიოდა და რა ეტაპი დაიწყო მისი ციხეში ჩასმით. მთავარი გზავნილი ზურას მაშინ ჰქონდა, როცა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, მან თქვა, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და ის ისევ ამ აზრზეა.

ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, ეტაპირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა, მას ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს. ტელევიზორი ჯერ არ აქვს, ესეც სტანდარტული პროცედურაა, მას შემდეგ, რაც გაუხსნიან ბარათს, შეეძლება ტელევიზორის ქონა”,- განაცხადა ყურუამ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ჯაფარიძეს სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მის მიმართ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img