აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციებზე მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინის, უკრაინაზე თავდასხმებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპის გამო.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერზე ზეწოლა მოხდეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, განსაკუთრებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც უკრაინა მხარს უჭერს, ხოლო რუსეთი უარყოფს.
ამავდროულად, გამოცემა წერს, რომ ტრამპმა შესაძლოა ახალი სანქციების შემოღებაზე უარის თქმაც გადაწყვიტოს.
გამოცემა დასძენს, რომ ტრამპი დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს მათში მონაწილეობაზე უარის თქმას, თუ უახლესი ძალისხმევა არ გაამართლებს.
„გაურკვეველია, რა მოხდება, თუ აშშ უკან დაიხევს სამშვიდობო პროცესიდან და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას,“ – წერს გამოცემა.
კვირების განმავლობაში ტრამპი წინააღმდეგობას უწევდა ზეწოლას, რათა პუტინი გაეკრიტიკებინა უკრაინის მიერ მხარდაჭერილ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებაზე უარის გამო.
თუმცა, WSJ-ის წყაროების ცნობით, ტრამპზე სამმა ძირითადმა შეხედულებამ მოახდინა გავლენა.
პირველ რიგში, ეს არის მისი უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. ტრამპის აზრით, ზელენსკი „კონფლიქტის გაღრმავებას უწყობს ხელს“, რადგან სანქციების დაწესებას დაჟინებით მოითხოვს.
მეორეც, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები არ შეზღუდავს მის მიერ ომის წარმოების შესაძლებლობას, მაგრამ გაართულებს აშშ-რუსეთის ეკონომიკური კავშირების განახლების მცდელობებს.
მესამე, ტრამპს სჯეროდა, რომ იცნობდა პუტინს და რომ რუსეთის ლიდერი ომს მის მიმართ პირადი კეთილგანწყობის გამო დაასრულებდა.
თუმცა, პუტინის მხრიდან უკან დახევის სურვილის არქონამ ტრამპის დამოკიდებულება მისი რუსი კოლეგის მიმართ გააუარესა, განსაკუთრებით გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა.
ტრამპმა, დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ბოლო დაბომბვა და განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.
„პუტინთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის სულ შეიშალა! ის ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ სამხედროებს არ ვგულისხმობ. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და პარალელურად ის რაკეტებს ესვრის კიევსა და სხვა ქალაქებს. მე ეს საერთოდ არ მომწონს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.