გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდის მოტივით, პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალური ქსელით ეხმაურება.
„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.