სახალხო დამცველმა უვადო პატიმართა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარმოადგინა

Published:

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ წარმოადგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურ ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი უვადო მსჯავრდებულთათვის სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების, შეწყვეტის ან პატიმრობიდან პირობით გათავისუფლებისათვის საჭირო პროცედურები, მათზე შეღავათის გავრცელების საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში არსებული გარანტიების და მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი არის განხილული.

„თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის საქმეთა გაცნობის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებზე და პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის პერიოდში უვადო მსჯავრდებულებთან მიმართებით გამოვლენილ ტენდენციებზე ისაუბრა და მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე.

პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებმა ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img