78-ე კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, რომლის გახსნის ცერემონიაც დღეს ნაპირსამაგრ კრუაზეტზე გაიმართება, პირველად შემოიღეს დრესკოდი სტუმრებისთვის. Daily Mail-ის ინფორმაციით, ამიერიდან ვარსკვლავებს ეკრძალებათ წითელ ხალიჩაზე ზედმეტად გამჭვირვალე და მაცდუნებელი სამოსით გამოჩენა.
წელს ფესტივალი გაიხსნება ლეგენდარულ კინოდარბაზ „ლუი ლუმერში“ ამელი ბონენის ფილმის „ერთ დღეს წასვლა“ ჩვენებით, . პრემიერის წინ ორგანიზატორებმა სტუმრებისთვის კონსერვატიული დრესკოდი დააწესეს: მამაკაცებისთვის სმოკინგი და პიჯაკები, ქალებისთვის კი – საღამოს კაბები, მოკლე კოქტეილის კაბები, შარვლ-კოსტუმები და ელეგანტური ტოპები ჩაითვლება უპირატესად იმ სტილებზე, რომლებიც მეტისმეტ ყურადღებას იპყრობს.

„წესიერების გამო, შიშველი სხეულის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, ისევე როგორც ფესტივალის სხვა ზონებში, აკრძალულია. მათ, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილება, წითელ ხალიჩაზე შესვლა ეკრძალებათ,“ — ნათქვამია ფესტივალის ხელმძღვანელობის განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, მათ ეს ნაბიჯი იმ ტენდენციის ჩასახშობად გადადგეს, რომელიც „შიშველი“ კაბებისა და გამომწვევი სტილის პოპულარობით ბოლო წლებში გაძლიერდა. მათი შეფასებით, სტუმრების თამამი ჩაცმულობა ხშირად უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე თავად ფესტივალი და ნაჩვენები ფილმები.

წინა წელს ბელა ჰადიდმა კანის ფესტივალზე ფურორი მოახდინა Saint Laurent-ის გამჭვირვალე კაბით, ხოლო 2023 წელს ფესტივალის ვარსკვლავად ირინა შეიკი იქცა, რომელიც გამოჩნდა Gucci-ს გამჭვირვალე კაბაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თამამი ჩაცმულობით ასევე წარდგნენ: ევა ლონგორია, ნათაშა პოლი, კენდალ ჯენერი, ჯულია ფოქსი და სხვა ბევრი ცნობილი სახე.
წლევანდელი საერთაშორისო კანის კინოფესტივალი საფრანგეთის სამხრეთში 13-დან 24 მაისის ჩათვლით გაიმართება.