საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიის საქმეზე შეფარდებული გირაო არ გადაიხადა. ამის გამო ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
“ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა არ გადაიხადოო. ვინ ხარ-მეთქი და დიპ სტეიტი ვარო. მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება”, – აცხადებს ოქრუაშვილი.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს. სხვებისგან განსხვავებით ოქრუაშვილს ქვეყნის დატოვებაც აუკრძალეს.
“რა პრინციპით და ლოგიკით მოძრაობენ, ამათ ვერ გაუგებ. ქვეყანასაც ასე მართავენ და კი ხედავთ სადაც ვართ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.